English / ქართული / русский /
ქეთევან კიწმარიშვილი
ტექნოლოგიური ინოვაციები საგანმანათლებლო სფეროში

ანოტაცია. „სოციალური სფერო“-ს ცნებას მჭიდროდ უკავშირდება საზოგადოებრივი მნიშვნელობის ისეთი კატეგორიები, როგორიცაა ჯანდაცვა, განათლება, დასაქმება, ეკოლოგია, კულტურა და სხვა, რომლებიც განსაზღვრავს საზოგადოების ჯანმრთელობასა და მის ეკონომიკურ მდგომარეობას.

საკვანძო სიტყვები: საგანმანათლებლო ტექნოლოგიები. ეკონომიკური ინოვაციები. პედაგოგიური ინოვაციები. ინსტიტუციური ფორმები.

შესავალი

თანამედროვე განათლების საფუძველს წარმოადგენს ტექნოლოგიური ინოვაციები, კერძოდ, კომპიუტერული და ტელეკომუნიკაციური ტექნოლოგიები. თანამედროვე განათლების მენეჯმენტის მნიშვნელოვან თავისებურებას ქმნის ის ფაქტი, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ტექნოლოგიების გამოყენებას თან სდევს რადიკალური ცვლილებები პედაგოგიკის მეთოდებსა და ხერხებში, პედაგოგთა და სტუდენტების შრომის ორგანიზებაში, ეკონომიკურ მექანიზმში და განათლების თეორიასა და მეთოდოლოგიაშიც კი. ამასთან, ტექნოლოგიების არჩევა განიხილება არა როგორც ტექნოლოგიური საკითხი, არამედ როგორც ინოვაციური მენეჯმენტის პრობლემა განათლების სფეროში. მისი ეფექტურად გადაწყვეტისთვის საჭიროა განათლების სისტემის ყველა ქვესისტემასა და ელემენტებს შორის კავშირების რეგულირება. 

* * *

განათლების სისტემაში მართვის პროცესებისადმი ახალი მიდგომები ვლინდება ისეთი ორგანიზაციული ინოვაციების ათვისებასა და გავრცელებაში, როგორიცაა:

– პედაგოგიური შრომის დანაწილება (სწავლების შინაარსის მდგენლების გამოყოფა), სწავლების მეთოდების და სწავლების პროცესის მიმდინარეობის გაკონტროლების სპეციალისტთა გამოყოფა და ა.შ.);

– პედაგოგთა, საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტთა, სასწავლო პრო-ცესის ორგანიზატორთა გაერთიანება ჯგუფებში, გუნდებში, რომლებიც მუშაობენ, ავითარებენ და ახორციელებენ დისტანციურ სწავლებას.

განათლების სისტემას დაწესებულებების და სასწავლებლების რთული იერარქიული სტრუქტურა გააჩნია. მის შემადგენლობაში შედის ზოგადი განათლება (დაწყებითი, არასრული საშუალო, საშუალო, სპეციალიზებული სკოლები ცალკეული საგნების გარღმავებული სწავლებით: ფიზიკა-მათემატიკური, ბიოლოგიური და სხვა, ასევე სკოლები, რომელთა სასწავლო ენას რომელიმე უცხოური ენა წარმოადგენს, გიმნაზიები და ლიცეუმები მოწინავე მოსწავლეთათვის, გონებრივად ჩამორჩენილი და ფიზიკურ განვითარებაში პრობლემების მქონე მოსწავლეთა სკოლები, საღამოს სკოლები მომუშავე ახალგაზრდებისთვის). მნიშვნელოვან ადგილს იკავებს საშუალო და უმაღლესი პროფესიული განათლება, რომელიც ახალგაზრდებს ამზადებს ერთი კონკრეტული საქმიანობისთვის, შრომის სოციალური დანაწილების ჩათვლით. აქ შედის საშუალო სპეციალური და უმაღლესი სასწავლებლები, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სხვადასხვა კურსები. ინდივიდუალური, ჯგუფური სწავლება და სხვა. განათლების სტრუქტურაში მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს მეორე უმაღლესის დამთავრება, უმაღლესი განათლების მქონე პირების დოქტურანტურაში სწავლება, დისერტაციის დაცვა.

განსაკუთრებულ როლს თამაშობს უწყვეტი განათლება, რო¬გორც ერთიანი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ცოდნისა თუ უნარ-ჩვევების დაგროვებასა და განახლებას ადამიანის მთელი ცხოვრების მანძილზე – ბავშვობიდან მოხუცებულობამდე. წამყვანი როლი აქ უმაღლეს სასწავლებლებს აკისრიათ, რომელთა მოღვაწეობის შედეგია საგან¬მანათლებლო მომსახურება, სამეცნიერო-ტექნიკური პროდუქცია, სასწავლო-მეთოდური პროდუქცია, სამეცნიერო კვლევები და სხვა. სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების შედეგები ინერგება სასწავლო პროცესში, რაც უზრუნველყოფს მომსახურების მაღალ დონეს და მისი სასიცოცხლო ციკლის გახანგრძლივებას, უმაღლესი სასწავლებლის მხრიდან სიახლეებისადმი მაღალ მგრძნობელობას.

განათლების სისტემაში ტექნოლოგიური ინოვაციების როლის მნიშვნელობა საგრძნობლად გაიზარდა. ეს განპირობებულია ცოდნის რესურსების აუცილებლობით ინოვაციურ ეკონომიკაში. სწორედ ეს რესურსი, შემოქმედებითი მიდგომისა და ინოვაციების გამოყენებით, იძლევა ცოდნის გადაცემის მოდელის სრულყოფის საშუალებას.

დღეისთვის განათლების სფეროში მართვის საკითხში შემდეგი პრობლემები გამოიკვე¬თება:

– საბაზრო მექანიზმის მოქმედებისათვის დასაშვები საზღვრების განსაზღვრა განათ-ლებაში;

– სისტემის დონეების მიხედვით განათლების სფეროში საბაზრო – და სახელმწიფო რეგულირების თანაფარდობის განსაზღვრა;

– განათლების სისტემის განვითარების კონცეპტუალური მოდელის შემუშავება;

– განათლების სისტემის რეფორმირების სტრატეგიის შემუშავება.

ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების გადაწყვეტას ხელს შეუწყობს პრიორიტეტული ეროვნული პროექტის – “განათლება“ – რეალიზაცია. ამ პროექტის ერთ-ერთი კომპონენტია ინფორმატიზაცია, რომელიც გულისხმობს საგანმანათლებლო მომსახურების გაწევას სრულიად ახალ ტექნოლოგიურ ბაზაზე.

განათლების სფეროში ტექნოლოგიური ინოვაციების უმნიშვნელოვანეს ნაწილს ელექტრონული განათლება წარმოადგენს. ის განათლების თანამედროვე სისტემის აუცილებელი ატრიბუტია. ელექტრონული ფორმით განათლების მიღების უდავო პლუსი შემდეგში მდგომარეობს:

მოსწავლე მისთვის ჩვეულ გარემოში იღებს განათლებას; სწავლების ტემპი და ვადები ინდივიდუალურადაა შერჩეული. სწავლების პროცესში მოსწავლის დამოუკიდებლობა, საჭიროებისამებრ პედაგოგის დახმარებით და დამატებითი ლიტერატურის მოშველიებით ხდება. რაც მთავარია, დაძლეულია ტერიტორიული, დროის და ხშირად სოციალური შეზღუდვის ბარიერები.

ბოლო დროს აქტიურად გამოიყენება განათლებისადმი ტექნო¬ლოგიური მიდგომა, მაგალითად, კეის-ტექნოლოგია, რაც მეტად პროდუქტიული, მაგრამ არ არის უნივერსალური საშუალება. კეის-ტექნოლოგიის იდეა ორიენტირებულია სასწავლო მასალების ელექტრონული ან ბეჭდვითი სახით მიწოდებაზე. ეს დღესდღეობით სავსებით მისაღებია, მაგრამ დღეს შესაძლებელია ტექნოლოგიური მიღწევების უფრო ფართო მასშტაბით გამოყენება. ასე მაგალითად, სასწავლო-მეთოდური კომპლექტებით (ტესტები, პროგრამები, სახელმძღვანელოები) საგანმანათლებლო ტექნოლოგიის რეალიზაციის ამოცანების გადაწყვეტა აუდიტორიულ მეცადინეობებზე ან წამყვან სპეციალისტებთან ტელეკონფერენციების რეჟიმში ან პირადი შეხვედრების დროს.

ელექტრონული სასწავლო-მეთოდური კომპლექსი მოიცავს:

– დისციპლინების პროგრამას.

– სახელმძღვანელოებს ან დამხმარე სახელმძღვანელოებს, შემდეგ ატრიბუტებთან ერთად: დასახელება, ავტორთა სია, ინფორმაცია ავტორთა შესახებ, გამოშვების წელი, კლასი¬ფიკატორის პოზიცია, რეცენზენტები, საავტორო უფლებები, დისციპ¬ლინის ანოტაცია, სასწავლო გეგმაში მისი ადგილის აღწერა, საგნებს შორის არსებული კავშირები, დისციპლინის მიზანი და ამოცანები, ცოდნისა და უნარ-ჩვევების ჩამონათვალი, კურსის თემატური შინაარსი, უშუალოდ სასწავლო მასალები, ლიტერატურის სია, კითხვები თვითშეფასებისთვის, სარეფერატო ნამუშევრების თემები, ამოცანები საკონტრო¬ლო და დამოუკიდებელი სამუშაოებისთვის, პროექტებისთვის, ტერმინოლოგიის ნუსხა.

– შესასწავლი დისციპლინის სახელმძღვანელოს ეფექტურად ათვისებისათვის განმარტებებს და რეკომენდაციებს;

– დამატებით სასწავლო მასალებს;

– ჰიპერენციკლოპედიას ან ენციკლოპედიურ ლექსიკონს;

– პროგრამულ პროდუქტებს;

– დისციპლინის უფრო მაღალ დონეზე შესასწავლად, კვლევის უნარ-ჩვევების ჩამოსაყალიბებლად დამატებითი მასალებს, დამატებით ლიტერატურის ნუსხას.

ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ელემენტის არსებობისას, ასევე სხვა სტუდენტებთან აზრთა გაცვლის და პედაგოგებთან ტელეკონფერენციის, ფორუმის ან ჩატის რეჟიმში ურთიეთობისა თუ კონსულტაციების მიღების დროს, სტუდენტი იღებს კვალიფიციური საგანმანათლებლო მომსახურების მთელ კომპლექსს. დღეს, როცა ელექტრონული განათლება სულ უფრო იჭრება ჩვენს ცხოვრებაში და ოფიციალური სტატუსის მიღებას ცდილობს, სულ უფრო ხშირად გაისმის კითხვა მისი შესაძლებლობების, სპეციფიკისა და ხარისხის შესახებ. იმდენად, რამდენადაც ელექტრონული განათლების ერთ-ერთ საბაზისო ტექნოლოგიას ინტერნეტ-ტექნოლოგია წარმოადგენს, პროგრამული საშუალებების ხარისხი, რომელთაც იყენებენ სასწავლო პროცესის მართვისა და თანხლებისათვის, განათლების ხარისხის უზრუნველყოფაში გადამწყვეტ როლს თამაშობს. ელექტრონული განათლების სისტემაში სწორედ პროგრამული უზრუნველყოფა ახდენს სასწავლო ინფორმაციის მოწოდებასა და სასწავლო პროცესის ყველა მონაწილის ურთიერთქმედების ორგანიზებას. დღეისათვის მსოფლიოში არსებობს ასობით პროგრამული სისტემა ელექტრონული განათლების ორგანიზებისათვის და მათი რიცხვი ელვისებურად იზრდება. ამის გათვალისწინებით, პროგრამული უზრუნველყოფის ფუნქციონირების ხარისხის შეფასება ძალიან აქტუალური ხდება.

ელექტრონული განათლების განვითარების პრობლემების ჩამოყალიბებისას, მიზანშეწონილია ორიენტირება შემდეგ კონცეფციებზე:

1.    განათლების ხარისხის სფეროში მნიშვნელოვანია ორიენტირება სახელმწიფო და საერთაშორისო სტანდარტებზე, რაც უზრუნველყოფს სამამულო საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობის უნიფიკაციას, რომლებიც ელექტრონული განათლების სისტემაში მომსახურებას ახორციელებენ და ასევე სამამულო ინოვ-ციების მსოფლიო ბაზარზე გასვლას, მათ სერტიფიკაციას, უცხოურ ანალოგებთან თავსებადობას, გარანტიებს.

სტანდარტების გამოყენება ხარისხის მენეჯმენტის ერთ-ერთ საბაზისო კონცეფციას წარმოადგენს და ეს აუცილებელია ელექტრონული განათლებისათვის პროგრამული კომპლექსების სასიცოცხლო ციკლის ყველა ეტაპზე, და აგრეთვე მომუშავეთა, დამკვეთ¬თა, სერტიფიცირების ორგანოსა და საგანმანათლებლო პროგრამული პროდუქტების სასიცოცხლო ციკლის სხვა მონაწილეთა შორის კორექტული ურთიერთობისათვის. უფრო მეტიც, სტანდარტები არის საფუძველი ელექტრონული განათლების პროგრამული კომპლექსების შემუშავების, ამორჩევისა და შეფასების პროცესების ფორმალიზებისათვის, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს პროგრა¬მული საშუალებების ობიექტურ შედარებას და ამაღლებს მათ კონკურენტუნარიანობას. გარდა ამისა, დაპროექტების ეტაპზე სტანდარტების გამოყენება ზრდის რთული პროგრამული კომპლექსების შემუშავების ეფექტიანობას, ასეთ კომპლექსს წარმოადგენს სწორედ ელექტრონული განათლების პროგრამული კომპლექსი, რომელსაც ქმნიან მომუშავეთა დიდი კოლექტივები ან იღებენ მთელი რიგი ორგანიზაციების გაერთიანებული ძალისხმევის შედეგად.

2.    ელექტრონული განათლების პროგრამული კომპლექსის ხარისხის შეფასებისას აუცი¬ლებელია დავეყრდნოთ კომპლექსურ სისტემურ მიდგომას, რაც მიღებული შედეგების სრულფასოვნებასა და ობიექტურობას უზრუნველყოფს. ამასთან, მნიშვნელოვანია ელექტრონული განათლების პროგრამული კომპლექსების, განათ-ლების სისტემის ფუნქციონირების სტრუქტურასთან მთლიანობაში არსებული კავშირების გათვალისწინება. ხარისხის შეფასების სისტემის ჩამოყალიბებისას ასეთი მიდგომა ელექტრონული განათლების მთელი სპეციფიკის გათვალისწინებას ხდის შესაძლებელს, მეთოდოლოგიურ, პედაგოგიურ, ეკონომიკურ, საორგანიზაციო, ფსიქოლოგიურ და ტექნოლოგიურ ასპექტებთან ერთიანობასა და ურთიერთქმედებაში, რაც საბოლოოდ გვაძლევს ხარისხის მახასიათებლების სრულ და ობიექტურ სურათს. ელექტრონული განათლების ხარისხის შეფასებისადმი კომპლექსური მიდგომის რეალიზაციის შედეგს წარმოადგენს ელექტრონული განათლების სისტემაში სწავლების ყველა ასპექტის ამსახველი რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლებისა და ინდიკატორების კომპლექსური სისტემა.

3.    განსახილველი პრობლემის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს მომხმარებელთა სურვილების გათვალისწინების აუცილებლობა, რადგან ელექტრონული განათლების სფეროში ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზა დღეისათვის ჩამოყალიბების საწყის სტადიაზე იმყოფება. სასწავლო დაწესებულებათა უმრავლესობას საკუთარი ხედვა გააჩნია სასწავლო პროცესის ფორმირების თავისებურებებთან დაკავშირებით. ელექტრონული განათლების მართვის პროცესის რეალიზაციის ტექნოლოგიები კარდინალურად შეიძლება განსხვავდებოდეს ერთ-მანეთისგან. განსხვავებები გვხვდება ასევე განათლების სფეროში ზოგიერთი ფუნქციების ტექნიკური რეალიზაციის არჩევანის გაკეთების დროს. მაგალითად, მეტამონაცემების საფუძველზე სასწავლო მასალების რეალიზაციისადმი მიდგომები შეიძლება ვარირებდეს მარტივი ჰიპერტექსტიდან ცოდნის რთულ, წინასწარ მოცემული, საგნობრივად ორიენტირებულ სემანტიკამდე. ყოველივე ზემოთქმუ¬ლიდან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, რომ ხარისხის შეფასების პრობ¬ლემის გადაწყვეტისა და ელექტრონული განათლების პროგრამული კომპლექსის ამორჩევისას აუცილებელია შეძლებისადაგვარად მაქსიმალურად გავითვალისწინოთ განათლების სისტემის მომხმარებელთა ყველა კატეგორიის მოთხოვნილებები და სურვილები, ცალკეული საგამანათლებლო ორგანიზაციისა და მისი თითოეული სტრუქტურული ელემენტის (კათედრა, კონკრეტული პროფესორი) ჩათვლით.

დასკვნა

ამგვარად, მოცემული მიდგომის გამოყენებით და სისტემური ანალიზის მეთოდებზე დაყრდნობით, პროგრამული საშუალებების ხარისხის შეფასების სფეროში შესაძლებელია ელექტრონული განათლების პროგრამული კომპლექსის ობიექტური და სრული შეფასების სისტემის მიღება, რომლის საფუძველზეც ცალკეულ კონკრეტულ შემთხვევაში, ელექტრონული განათლების ელემენტების მეცნიერულად დასაბუთებული არჩევა მოხდება.

ელექტრონული განათლების ხარისხის მართვის სისტემას საფუძვლად შეიძლება ედოს პიროვნული რესურსის მართვის კონცეფცია და ელექტრონული სწავლების და სერტიფიცირების კონცეფცია. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. კიწმარიშვილი ქ., ინოვაციური მენეჯმენტი. “ბეჭდვის სამყარო”. თბილისი, 2016.
  2. აბრალავა ა., გვაჯაია ლ., ქუთათელაძე რ., საინოვაციო მენეჯმენტი, თბ.,
  3. 2015.Инновационный менеджмент, под ред. С. Ильенковой, М., 2014.
  4. http: //www.russba.ru/